saateeeeeee

Thursday, April 26, 2012

ლუდთან დაკავშირებული ტრადიციები

საქართველოს მთიელები-ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა. 

ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად. პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი, რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია, ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას. 

ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის  შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად. 

ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.


მთის სამოსი


Thursday, April 19, 2012

ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.

ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია –წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ